ჩემს შესახებ

 უკვე რამდენიმე წელია რაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქ/ბ ნატია ბახტაძის ხელმძღვანელობით აწყობს  ექსპედიციას,რომელიც ემსახურება სხვადასხვა ისტორიული ძეგლების აზომვითი სამუშაოების ჩატარებას, ფოტო მასალის გამდიდრებას და  არსებული ტაძრის ანაზომების შედეგად, გეგმების  შედგენას. წლევანდელი წელიც არ ყოფილა ამ ხრივ გამონაკლისი  და ამჯერად ჩვენი ლოკაციის ადგილი ქვემო ქართლი გახლდათ, მარშრუტით: ბოლნისის სიონი, აკაურთა,აკვანება... გზა მართლაც სასიამოვნო და საინტერესოდ გასავლელი აღმოჩნდა.სტუდენტები ლაზერით (ასაზომი ხელსაწყო) , ფურცლებითა და ფანქრებით „შეიარაღებულნი“ მივადექით პირველ ტაძარს -ბოლნისის სიონს .


     ეს არის ადგილი , რომელიც მომენტალურად დაგაბრუნებს წარსულში.. გახსენდება გორგასალი, ირანელები.. ყოველი მხრიდან გამოსჭყივის წარსულის ხმები. ამ პირველი, დადებითი ემოციებით დამუხტულები შევუდექით საქმის განაწილებას. ჯგუფის ნაწილი ჩანახატებისთვის სასურველ ადგილზე მოკალათდა, ნაწილი კი აზომვით სამუშაოებს შეუდგა, სამუშაო პროცესი ძალიან საინტერესო და ჩვენთვის უჩვეულო აღმოჩნდა , ეს იყო  ჩვენთვის პირველი ექსპედიცია , პირველი ტაძარი და მნიშვნელოვანი მისია , რომელიც შემდეგ თაობებს უნდა დარჩენოდა... წამოსვლისას ტაძრის წინამძღვარმა მოგვიწონა გადაწყვეტილება,ნამუშევარი და ლოცვა-კურთხევაც მოგვცა. კმაყოფილებმა და მდლით ავსებულებმა გავნაგრძეთ გზა.  
    შემდეგი ჩვენი გაჩერება აკაურთა იყო, ბევრი არ გვივლია , რადგად ტაძარი ბოლნისის სიონიდან შვიდიოდე კმ მანძილზე იყო..დანიშნულების ადგილზე  მისვლისას პირველი, რამაც ჩვენი ყურადღბა მიიპყრო ეს იყო ტაძრის ორნამენტული მორთულობა, რომელიც ძალიან მაღალი ხარისხისაა. მალევე შევუდექით მის აზომვით სამუშაოებს და ფოტოების გადაღებას , სამწუხაროდ წვიმის გამო ვერ მოხერხდა ამ ტაძრის ჩანახატების გაკეთება. 
       იმ იმედით რომ წვიმა გადაიღებდა 3 კმ-ით გავიშორეთ გზა და მივადექით აკვანებას. გავთამამდები და პერიფრაზს გავუკეთებ ერთ-ერთი გერმანელი ტურისტის სიტყვებს, რომელმაც ეს ფრაზა თქვა მას შემდეგ, რაც ჩვენი ტაძრები იხილა:  „ ჩვენთან ეკლესიას ადამიანის ხელი ეტყობა, თქვენთან  ღმერთის !“.. აკაურთას ნახვამ დიდი შტაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე. სიმწვანეში ჩაძირული ტაძრის (უკვე) ნანგრევები , კიდევ უფრო ამძაფრებდა გრძნობებს. ეს იყო ერთდროულად ისტორია, ხელოვნება, რელიქვია, რომელსაც შეგეძლო შეხებოდი და მთელი სიცხადით შეგეგრძნო. სამწუხაროდ ტაძრის არასრული ფორმების გამო გაჭირდა მისი აზომვა, თუმცა კი მაინც მოხერხდა . ჩანახატებისთვის შესანიშნავი პირობები იყო: მზე, მშრალი ამინდი, შესანიშნავი ტაძარი. ასე, რომ უკვე არსებული მასალით სასიამოვნოდ განცვიფრებულებმა დავტოვეთ ეს ადგილი.
            საღამოვდებოდა ,ექსპედიციაც მთავრდებოდა და ზურგჩანთებმომარჯვებულები ვუბრუნდებოდით ხმაურიან ქალაქს.  ჩვენც ნელ ნელა ფეხს ვუწყობდით  მის რიტმს. წინ დიდი და არც ისე ადვილი  სამუშაო გველოდა, თუმცა ეს ემოციები და შთაბეჭდილებები სამუშაო პროცესში ნამდვილად დაგვეხმარებოდა. ახლა კი, ველით  ახალ სასწავლო წელს, ახალი ექსპედიცას  და იმედს, რომ  ჯერ უნახვი ტაძრების ხილვა კვლავ ახალი შტაბეჭდილებითა და ემოციებით დაგვმუხტავს.         
       

No comments:

Post a Comment